გამყრელიძე: კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მოსახლეობისთვის უფასო იქნება

ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინა ბევრ ექსპერტიზას გადის და როდესაც ჯანმო მას დაამტკიცებს, ჩვენი ქვეყნისთვის ის უკვე ხელმისაწვდომი გახდება.

 კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელსაც სახელმწიფო შემოიტანს, მოსახლეობისთვის უფასო იქნება, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, როდესაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ე.წ. კოვაქსის პლატფორმაზე ვაქცინას დაამტკიცებს, საქართველოსთვის ის ხელმისაწვდომი გახდება.

„ჯერ არც ერთ მარეგულირებელს ვაქცინა არ დაუმტკიცებია. განაცხადს რომ შეიტან, არ ნიშნავს იმას, რომ ავტომატურად დაგიმტკიცებენ, ის გადის ძალიან ბევრ ექსპერტიზას.

ჩვენ დამოკიდებული ვართ „კოვაქსის“ პლატფორმაზე, ანუ როდესაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია დაამტკიცებს ვაქცინას, საქართველოსთვის ის ხელმისაწვდომი იქნება“

მისი თქმით, კონტრაქტი უკვე არსებობს, პირველი შენატანი გაკეთებულია და ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მოსახლეობის 20%-სთვის არის შეკვეთილი, რაც დაახლოებით 700 ათას ადამიანს შეადგენს.

პირველ რიგში კი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი – მედიცინო სფეროს მუშაკები აიცრებიან.

რისკ-ჯგუფში არიან ასევე ხანდაზმული ადამიანები, ვისაც აქვთ თანმხლები დაავადებები. ამავე კატეგორიაში განიხილებიან თავშესაფრებში და მოხუცთა სახლებში მყოფი ბენეფიციარები.

ამჟამად მსოფლიოში უკვე შექმნილია 150-ზე მეტი „კანდიდატი ვაქცინა“, მათგან ხუთი–ექვსის უსაფრთხოების შესახებ ინფორმაცია ნოემბრის ბოლოს იქნება ხელმისაწვდომი.

ბოლო ორ თვეში ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება მკვეთრად გაუარესდა.

რეკლამა
eudora.ge

ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.128-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 111.818-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 92.215 ადამიანი, გარდაიცვალა 1.051 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები