ბრიტანეთში ალმასებს ატმოსფეროდან მოპოვებული ქიმიური ელემენტებით დაამზადებენ

ბრიტანელმა გარემოს დამცველმა და ენერგოკომპანიის Ecotricity დამაარსებელმა, დეილ ვინსმა ახალი პროექტი წამოიწყო, რომელიც მიზნად სინთეტიკური ალმასების წარმოებას ისახავს. მულტიმილიონერის განცხადებით, ძვირფასი ქვები ატმოსფეროდან მოპოვებული ნახშირორჟანგისა და წვიმის წყლის გამოყენებით დამზადდება.

რეკლამა
eudora.ge

ახალი ტექნოლოგიის მეშვეობით, რომლის დახვეწაზეც სპეციალისტები 5 წლის განმავლობაში მუშაობდნენ, ალმასების შექმნა ქარისა და მზის ენერგიის გამოყენებით იქნება შესაძლებელი. ამისთვის მხოლოდ რამდენიმე კომპონენტია საჭირო, მათ შორის ჰაერიდან გამოცალკევებული ნახშირბადი და წვიმის სახით მოსული ატმოსფერული ნალექიდან აღებული წყალბადი, რომელთა ნაერთიც მეთანს წარმოქმნის. ბოლო ნაბიჯი კი მიღებული ნივთიერების მაღალი ტემპერატურისა და წნევის პირობებში მოთავსებაა.

 ვინსის განცხადებით, ზემოხსენებული ტექნოლოგიით დამზადებული ალმასი ფიზიკური და ქიმიური მახასიათებლებით ბუნებრივისგან თითქმის არ განსხვავდება. ამასთან, ძვირფასი ქვის ამ გზით მიღება გარემოს ნაკლებ ზიანს აყენებს და მეტიც – შესაძლოა, ატმოსფეროში მავნე აირის კონცენტრაცია შეამციროს კიდეც. შედარებისთვის, აღნიშნული მინერალის მხოლოდ ერთი კარატის მოსაპოვებლად ათასი ტონის ოდენობის მიწისა თუ კლდოვანი მასის გათხრა და 4 ათასი ლიტრი წყლის მოხმარებაა საჭირო, მთლიანი პროცესი კი ჯამში 100 კილოგრამზე მეტი ნახშირორჟანგის გამოთავისუფლებას განაპირობებს.

პირველ ეტაპზე ყოველთვიურად 200 კარატი ალმასის წარმოება იგეგმება, მომდევნო წლისთვის კი ეს რიცხვი ათასამდე გაიზრდება. მათი წინასწარი შეკვეთა 2021 წლის დასაწყისიდან იქნება შესაძლებელი, თუმცა ბრიტანელ მაგნატს ძვირფასი ქვის ღირებულება ჯერჯერობით არ გაუსაჯაროებია.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები