ბოკო ჰარამის მებრძოლებმა ნიგერიაში 43 ფერმერი მოკლეს

ბოკო ჰარამის მებრძოლებმა ნიგერიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ მაიდუგურის ახლოს, ბრინჯის ყანაში, სულ მცირე, 43 ფერმერი მოკლეს და 6 დაჭრეს.

ანტიჯიჰადისტური მოძრაობის ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ფერმერები სოფელ კოშობეში დაატყვევეს და ყელი გამოსჭრეს.

ანტიჯიჰადისტური მოძრაობის ლიდერმა, ბაბაკურა კოლომ, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ბოკო ჰარამს დააკისრა.

ტერორისტული დაჯგუფება ძირითადად ნიგერიის ჩრდილოეთ ნაწილში მოქმედებს და ხშირად ესხმის თავს ფერმერებს.

ანტიჯიჰადისტური მოძრაობის თანახმად, ფერმერები ქვეყნის ამ ნაწილში სამუშაოდ, ბრინჯის მოსავლის ასაღებად იყვნენ ჩამოსულები.

მთლიანობაში მოსავლის ასაღებად 60-მდე ადამიანი იყო დაქირავებული. მათგან 43 გარდაცვლილი, ხოლო 6 მძიმედ დაჭრილი იპოვეს. 8 ადამიანი უგზოუკვლოდაა დაკარგული. სავარაუდოდ, ისინი ტერორისტულმა დაჯგუფებამ გაიტაცა.

ბოლო პერიოდში ეს ბოკო ჰარამის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი თავდასხმაა. თავდასხმას გამოეხმაურა ნიგერიის პრეზიდენტი მუჰამადუ ბუჰარი. პრეზიდენტმა დაგმო ფერმერების მკვლელობა და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

ნიგერიის ხელისუფლების თანახმად, რეგიონში ჯიჰადისტები დამარცხდნენ და მათი თავდასხმები არარეგულარული და შემთხვევითია.

ხელისუფლება დევნილებს მოუწოდებს, საკუთარ სახლებს დაუბრუნდნენ და აცხადებს, რომ რეგიონი უსაფრთხოა.

თუმცა, მსხვილი ქალაქების, გარეთ ჩრდილო-აღმოსავლეთ ნიგერიის დიდი ნაწილი კვლავ საფრთხის ქვეშ რჩება. ბოლო წლებში ამ რეგიონში გახშირდა თავდასხმები ფერმერებზე, უსაფრთხოების ძალებსა და სხვადასხვა ორგანიზაციების თანამშრომლებზე.

რეკლამა
eudora.ge

გასულ თვეს ბოკო ჰარამის წევრებმა მაიდუგურის ახლოს ორი თავდასხმის დროს 22 ფერმერი მოკლეს.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები