ბიზნესმენს იარაღით დაემუქრნენ და “ქურდული სამყაროს” სასარგებლოდ $10000 მოითხოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს ორი ადამიანი, რომლებმაც ბიზნესმენს “ქურდული სამყაროს” სასარგებლოდ 10 000 დოლარის გადახდა მოსთხოვეს.

“ბრალდებულებმა ბიზნესმენს — კ.მ.-ს, რომელიც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში საქმიანობდა, ე.წ. “კანონიერი ქურდის”, ბორია აფაქელას სახელით, “ქურდული სამყაროს” სასარგებლოდ, 10 000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვეს. დ.ხ. და ნ.ბ. ბიზნესმენს იარაღის დემონსტრირებით დაემუქრნენ, რომ მოთხოვნილი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, მას ძალის გამოყენებით გადაიყვანდნენ თურქეთის რესპუბლიკაში, ე.წ. “კანონიერ ქურდთან” საქმის გარჩევის მიზნით”, — აცხადებენ შსს-ში.

უწყებაში ამბობენ, რომ ორივე ბრალდებული თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში მას შემდეგ დააკავეს, როდესაც მსხვერპლმა მათ მოთხოვნილი თანხის ნაწილი, 5 000 აშშ დოლარი გადასცა.

“პოლიციამ, დაკავებულების ავტომანქანის ჩხრეკისას, 5 000 აშშ დოლარი, ხოლო ბრალდებულების დროებითი საცხოვრებელი სახლიდან — 2 ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 2 მჭიდი და 13 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო. სამართალდამცველებმა, ასევე, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს დაკავებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ “კანონიერ ქურდს” უკავშირდებოდნენ”, — აღნიშნავენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, ბრალდებულთაგან ერთ-ერთი წარსულში ნასამართლევი, 1974 წელს დაბადებული დ.ხ.-ა, ხოლო მეორე 1997 წელს დაბადებულ ნ.ბ. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსისი 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს “ქურდული სამყაროს” წევრობას, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას, ჩადენილს ჯგუფურად. დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რეკლამა
eudora.ge

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები