ბენ ჰოჯესი – საქართველო ნატოში ახლავე უნდა მივიწვიოთ – გვაქვს პრეცედენტი, მივიღოთ ქვეყანა მაშინაც კი, როდესაც მისი ნაწილი ოკუპირებულია

საქართველო ნატოში ახლავე უნდა მივიწვიოთ, – ამის შესახებ ევროპაში ამერიკული სახმელეთო ჯარების ყოფილმა მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ბენ ჰოჯესმა ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მიერ ორგანიზებულ ონლაინ დისკუსიაში განაცხადა.

ბენ ჰოჯესმა სამხრეთ კავკასიის რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა იმ სამ საკითხს, რაც, მისი აზრით, აშშ-ს შეუძლია საქართველოსთვის გააკეთოს.

„პირველი : საქართველო ნატოში ახლავე უნდა მივიწვიოთ, ჩვენ ამის პრეცედენტი გვაქვს : დასავლეთ გერმანია ნატოს შეუერთდა, როდესაც გერმანიის აღმოსავლეთ ნაწილში საბჭოთა ჯარის ნაწილები იდგა. ასე რომ, ჩვენ გვაქვს პრეცედენტი, მივიღოთ ქვეყანა მაშინაც კი, როდესაც მისი ნაწილი ოკუპირებულია“, – განაცხადა ბენ ჰოჯესმა.

მისივე თქმით, საჭიროა ისეთი სამხედრო წვრთნების დაწყება, რომელიც ნატო-საქართველოს, ნატო-უკრაინის, ნატო-ბულგარეთის, ნატო-რუმინეთისა და ნატო-უნგრეთის წვრთნებს დააკავშირებს.

„ეს უნდა იყოს მნიშვნელოვანი წვრთნა, რომელიც რუსული „კავკასია 2020“-ის მასშტაბის იქნება და რომელიც იმის დემონსტრირებას მოახდენს, რომ ჩვენ ვზრუნავთ ამ რეგიონზე“, – აღნიშნა ბენ ჰოჯესმა.

მესამე მნიშვნელოვანი საკითხი კი, მისი აზრით, საქართველოს სამხედრო ინფრასტრუქტურებში ინვესტიციის განხორციელებაა.

“ერთ-ერთი მთავარი საკითხი არის საქართველოს სამხედრო ინფრასტრუქტურებში ინვესტირება. თქვენ იცით, რომ რუმინეთში ჩვენ გვაქვს მიხაილ კოგალნიკეანუს საჰაერო ბაზა, ვისურვებდი, რომ მსგავსი საქართველოშიც ვიხილოთ“, – განაცხადა ბენ ჰოჯესმა.

მან ანაკლიის პროექტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის პროექტი, რომლის განხორციელებაც კრემლს ყველაზე ნაკლებად სურს საქართველოში.

„იმედგაცრუებული ვარ იმით, რომ ანაკლიის პროექტი არ გრძელდება. ეს არის ის, რაც კრემლს ყველაზე ნაკლებად სურს. კრემლს არ უნდა დასავლეთის დიდი ინვესტიციები საქართველოში იხილოს, რადგან მას საქართველოს 20 % ჯერ კიდევ ოკუპირებული აქვს,“- აღნიშნა ბენ ჰოჯესმა.

რეკლამა
eudora.ge

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები