აღმოჩენილია სახლი, რომელშიც იესო ქრისტემ ბავშვობა გაატარა

საცხოვრებელს, რომელიც პირველ საუკუნეშია აგებული, აშკარად ეტყობა გამოცდილი ოსტატის, სავარაუდოდ, იოსების ხელი.

აღმოჩენილია სახლი, რომელშიც იესო ქრისტემ ბავშვობა გაატარა, იუწყება Daily Mail ბრიტანელი არქეოლოგის კენ დარკის განცხადებაზე დაყრდნობით.

რედინგის უნივერსიტეტის პროფესორი 14 წლის განმავლობაში სწავლობდა ნაზარეთში მდებარე საცხოვრებლის ნაშთებს, რომლებიც I საუკუნეს განეკუთვნება.

ქვითკირის სახლს, რომელსაც აშკარად ეტყობა გამოცდილი ოსტატის ხელი, პირველად 1880-იან წლებში მიაგნეს.

კენ დარკმა ჯერ კიდევ 2015 ივარაუდა, რომ ეს შეიძლება მარიამისა და იოსების საცხოვრებელი ყოფილიყო.

შემდგომი ანალიზით დადასტურდა, რომ სახლი მართლაც პირველ საუკუნეს განეკუთვნება და ის ნამდვილად შეიძლებოდა აეგო იოსებს — მარიამის ქმარს.

რეკლამა
eudora.ge

როგორც ცნობილია, იოსები ხურო (დურგალი) იყო, თუმცა ის ახალ აღთქმაში „ტექტონად“ მოიხსენიება — ხელოსნად, რომელსაც სახლის აგებაც შეეძლო.

„[სახლი] სრულად შესაბამება იმას, რასაც შეიძლება ველოდებოდეთ ტექტონის საცხოვრებლისგან. მართალია, „ტექტონი“, როგორც წესი, დურგლად ითარგმნება, მაგრამ რეალურად ეს ნიშნავს ხელოსანს, რომელსაც მშენებლობასთან აქვს კავშირი“, — ამბობს არქეოლოგი.

პროფესორის თქმით, ის ფაქტი, რომ დაახლოებით IV საუკუნეში სახლის მიმდებარე ბორცვზე გამოქვაბულის ეკლესია დაარსდა, მომდევნო საუკუნეში კი მის თავზე დიდი ტაძარი აიგო, აშკარად მეტყველებს იმაზე, რომ მშენებლებს ეს ადგილი რელიგიური თვალსაზრისით მეტად მნიშვნელოვნად მიაჩნდათ.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები