ატლანტიკური საბჭო: პატრიოტთა ალიანსის FB ქსელი ქართული ოცნების სასარგებლოდაც მუშაობდა

Facebook-ის განცხადებით, მათ საქართველოში არაავთენტური, კოორდინირებული ქცევის გამო პროპუტინურ პარტია პატრიოტთა ალიანსთან და ულტრა-მემარჯვენე დაჯგუფება ალტ-ინფოსთან დაკავშირებული ანგარიშების ქსელი წაშალეს. 

ამ გვერდებს პარალელურად ატლანტიკური საბჭოს ციფრული ექსპერტიზის საგამოძიებო ლაბორატორია სწავლობდა. 

DFRLab-ის კვლევის მიხედვით, ქსელის სამიზნე ქართული აუდიტორია იყო, რომელიც დაინტერესებულია პოლიტიკითა და არცევნებით. ამ ქსელის უკან მდგომი პიროვნებები რამდენიმე Facebook-გვერდს, ჯგუფსა და ყალბ ანგარიშებს მართავდნენ, პარტიის ანტიდასავლური დღის წესრიგის გასავრცელებლად და პროდასავლური ოპოზიციისა და საქართველოს დასავლელი პარტნიორების დისკრედიტაციის მიზნით. 

პოსტების გასავრცელებლად ქსელი იყენებდა Facebook-გვერდებს, რომლებიც შენიღბულები იყვნენ, როგორც მედია გამოცემები. ისინი ავრცელებდნენ სიახლეებს Tinp.ge-დან, ისევე, როგორც სპორტთან დაკავშირებული ვებგვერდებისგან, როგორიცაა მაგალითად, sportvideo.ge, footballs.ge, sportery.ge და blogsport.ge.

DFRLab-მა აღმოაჩინა რამდენიმე დომეინი და მათთან დაკავშირებული Facebook-გვერდები, რომლებიც ძირითადად, სპორტს ეხებოდა და გამოიყენებოდა პატრიოტთა ალიანსის ანგარიშებისთვის. სპორტულ სიახლეებთან ერთად, ეს დომეინები აშუქებდნენ Covid-19-ის პანდემიასთან დაკავშირებულ სიახლეებსა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებებს, არქმევდნენ ამ სიახლეებს ისეთ სათაურებს, რომ მოეპოვებინათ დიდი რაოდენობით ნახვა. 

“ანგარიშები მმართველი გუნდის, ქართულ ოცნების სასაარგებლოდ და ცდილობდნენ მათი პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციას. ასევე იყო სტატიები, რომლებიც აღვივებდა ნეგატიურ განწყობას ირანელების მიმართ. დიდი ხანია, არსებობს დისკუსია იმის შესახებ, რომ პატრიოტთა ალიანსი მოქმედებს, როგორც ქართული ოცნების სატელიტი პარტია. არაერთი ინდიკატორი, მათ შორის პარტიის მიერ ქართული ოცნების მიერ წარდგენილი საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდაჭერა, პროდასავლური ოპოზიციური პარტიების და საერთაშორისო, თუ ადგილობრივი ორგანიზაციების მიმართ ერთნაირი მესიჯბოქსი, ადგილობრივ აქტორებს უჩენს ეჭვს ამ ორი პარტიის ფარულ ალიანსზე”. – წერია კვლევაში. 

DFRLab-მა ასევე აღმოაჩინა ამ ქსელის კავშირები პროსახელისუფლებო ტელევიზია PosTV-ისთან. მაგალითად, Sportery.ge-ის მფლობელი, საიდანაც ქსელი აქტიურად აზიარებდა სიახლეებს, გიორგი ამაშუკელია, რომელიც ამავდროულად PosTV-ის სოციალური მედიის მარკეტინგის მენეჯერია. 

“გიორგი ამაშუკელი იყო საჯარო ჯგუფის, Dailyinfo.ge-ის ადმინისტრატორი, რომელსაც თავდაპირველად “მილანის ქართველი ფანები” ერქვა და სახელი 6 ოქტომბერს, არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე გადაერქვა”. – წერია კვლევაში. 

2019 წლის 20 დეკემბერს Facebook-მა თავისი პლატფორმიდან პირველად წაშალა ქართული ანგარიშები “კოორდინირებული, არაავთენტური ქცევის” გამო. ამავე დღეს გავრცელებულ განცხადებაში სოციალური ქსელის გიგანტი პირდაპირ წერდა, რომ ეს ანგარიშები დაკავშირებულები იყო ქართული ოცნების ხელისუფლებასა და სარეკლამო კომპანია პანდასთან.

რეკლამა
eudora.ge

“მიუხედავად იმისა, რომ ამ ანგარიშების უკან მდგომი ადამიანები ცდილობდნენ, დაეფარათ თავიანთი იდენტობა და კოორდინირებული მუშაობა, ჩვენი გამოძიებით, ეს აქტივობები საქართველოში მოქმედ სარეკლამო კომპანია პანდასა და ქართული ოცნების ხელისუფლებას უკავშირდება”. – წერდა Facebook-ი 2019 წლის დეკემბერში.

მოგვიანებით, 2020 წლის მაისში Facebook-მა ქართული ანგარიშების ორი დიდი ქსელი წაშალა, რომელთაგან ერთი ქართული ოცნების PR კონსულტანტ კოკა ყანდიაშვილის მედია ეSპერსონასთან იყო დაკავშირებული და ჯამში 790 ანგარიშს მოიცავდა. მეორე ქსელი კი უკავშირდებოდა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას – ამ ქსელის ფარგლებში პლატფორმიდან 154 ქართული ანგარიში გაუქმდა.

ყანდიაშვილის ეSპერსონასთან დაკავშირებული ანგარიშების შესახებ კი სოციალური ქსელის ადმინისტრაცია წერდა:

“ეს არაავთენტური აქტივობა აღმოვაჩინეთ ჩვენი გამოძიების ფარგლებში, რომელიც შეეხებოდა საეჭვო კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევას, რომლის შესახებაც იუწყებოდა ადგილობრივი ფაქტების შემმოწმებელი ორგანიზაცია საქართველოში და რომელსაც კავშირები ჰქონდა იმ ქსელთან, რომელიც 2019 წლის დეკემბერში გავაუქმეთ“.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები