არსებობს 1,8 მლრდ ადამიანის ინფიცირების რისკი: ჯანმო განცხადებას ავრცელებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, COVID-19–ით მედპერსონალის დაავადების რისკი ბევრად მაღალია, ვიდრე მოსახლეობისა

მსოფლიოს მასშტაბით 1,8 მლრდ ადამიანს აქვს COVID–19-ითა თუ სხვა ინფექციებით დაავადების მაღალი რისკი იმის გამო, რომ  საავადმყოფოებს წყლით მომარაგების პრობლემები აქვთ, ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) საიტზე.

ორგანიზაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ წყლის პრობლემა მსოფლიოს ყოველ მეოთხე საავადმყოფოს აქვს, ხოლო ყოველ მესამეში ხელის ჰიგიენური საშუალებების დეფიციტია.

რეკლამა
eudora.ge

„სამედიცინო დაწესებულებაში წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის გარეშე მუშაობა იგივეა, რაც მედპერსონალის სამუშაოდ გაგზავნა ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გარეშე“, —  განაცხადა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა.

მისი თქმით, ამ სამ კომპონენტს ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს COVID-19—თან ბრძოლაში.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ 47 ნაკლებ განვითარებული ქვეყნის ყოველ მეორე საავადმყოფოში სასმელი წყალი არ აქვთ, ყოველ მეოთხეში — ხელის საპონი, ხოლო ხუთიდან სამში არ არსებობს საბაზისო სანიტარული მომსახურება.

ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ ამ ვითარების გამოსწორება წყალმომარაგების, სანიტარიისა და ჰიგიენის სფეროებში ინვესტიციების გაზრდითაა შესაძლებელი. მოხსენების ავტორების გამოთვლით,  პრობლემის გადასაჭრელად საკმარისი  კაპიტალდაბანდება — ეს ერთი აშშ დოლარია ერთ სულ მოსახლეზე.

აღსანიშნავია, რომ ოქტომბერში ჯანმოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, COVID-19–ით დაავადების რისკი მედპერსონალს შორის ბევრად მაღალია, ვიდრე მოსახლეობისა.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები